დამტკიცებულია საქართველოს
მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის
დამფუძნებელი კრების მიერ
1994 წლის "4" მარტს (ოქმი 1)
დებულება საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიაში არჩევნების ჩატარების შესახებ
1. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიაში არსებობს ნამდვილი, უცხოელი და საპატიო წევრის სტატუსი.
2.ნამდვილ წევრად შეიძლება არჩეული იქნას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც შექმნილი აქვს საერთაშორისო აღიარების მქონე დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის ახალი სამეცნიერო მიმართულება,ნაყოფიერ მუშაობას ეწევა მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებისთვის და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი პრაქტიკული მედიცინის განვითარების საქმეში.
3.აკადემიის უცხოელ წევრად შეიძლება არჩეული იქნას გამოჩენილი საზღვარგარეთელი მეცნიერი.
4.აკადემიის საპატიო წევრად შესაძლებელია არჩეული იქნას ამავე აკადემიის მოხუცი ასაკის ნამდვილი წევრი.
5.აკადემიის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50–ს.
6.არჩევნების ჩატარების ვადებს განსაზღვრავს პრეზდიუმი, არჩევნების შესახებ შეტყობინება ქვეყნდება პრესაში არჩევნებამდე 3 თვით ადრე.
7.აკადემიის წევრობის კანდიდატებს წარადგენენ იურიდიული უფლების მქონე სამეცნიერო–კვლევითი კოლექტივები, უმაღლესი სასწავლებლები, სამედიცინო საზოგადოებები, ასოციაციები და სხვა ორგანიზაციები, რომელთა წევრიც არის წარსადგენი კანდიდატი. წარდგენას მხარი უნდა დაუჭიროს დამსწრეთა უმრავლესობამ. კენჭისყრის ფორმას განსაზღვრავს წარმდგენი დაწესებულება. ასეთივე უფლებით სარგებლობენ აკადემიის ნამდვილი წევრები.
8.აკადემიაში ახალ წევრთა მიღებასთან დაკავშირებით შემოსული მასალები გადაეცემა შესაბამისი განყოფილების ხელმძღვანელებს.
9.აკადემიის შესაბამისი განყოფილება პერსონალურად განიხილავს რა თითოეული კანდიდატის მონაცემებს, ღია ან ფარული კენჭისყრით, ხმის უმრავლესობით წარადგენს ცალკეულ კანდიდატებს აკადემიის საერთო კრებაზე ნამდვილ წევრად ასარჩევად. ნამდვილ წევრად არჩევისათვის რეკომენდაციის მიცემისას კენჭისყრაში მონაწილეობენ აკადემიის ნამდვილი წევრები.
10. აკადემიის ნამდვილ, უცხოელ და საპატიო წევრთა არჩევნები ტარდება აკადემიის საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრით. საერთო კრება უფლებამოსილია ჩაატაროს არჩევნები აკადემიის ნამდვილ წევრთა შემადგენლობის 2/3–ის დასწრების შემთხვევაში. ამასთან, აკადემიის საერთო კრების შემადგენლობაში არ შეიძლება შეყვანილი იქნან ის ნამდვილი წევრები, რომლებიც არჩევნების დროს იმყოფებიან საზღვარგარეთ მივლინებით. საერთო კრების შემადგენლობაში ასევე არ შეიძლება შეყვანილი იქნან ის ნამდვილი წევრები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გამორიცხავს სხდომებსა და კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას.
11. აკადემიის პრეზიდენტი აცნობს აკადემიის საერთო კრებას აკადემიის ნამდვილ წევრად წამოყენებულ პირთა სიას, დასკვნებს მათ სამეცნიერო შრომებზე, განყოფილების რეკომენდაციებს და სხვა სათანადო მასალებს.
12. საერთო კრებაზე ნამდვილი, უცხოელი და საპატიო წევრის არჩევნებში მონაწილეობისა და გადამწყვეტი ხმის უფლება აქვთ მხოლოდ აკადემიის ნამდვილ წევრებს. აკადემიის ნამდვილ წევრად არჩეულად ითვლება პირი რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეთა ხმების უმეტეს რაოდენობას.
13.აკადემიის საერთო კრებაზე ნამდვილი წევრის არჩევისას ფარული კენჭისყრისთვის რიგდება ბიულეტინები–არჩევნებში დაშვებული ყველა კანდიდატის გვარის აღნიშვნით. ბიულეტინებში კანდიდატების გვარების გასწვრივ აღინიშება ორი სიტყვა: "თანახმა ვარ" და "არ ვარ თანახმა" რომელთაგან ამომრჩეველმა ერთი უნდა გადახაზოს. სხვა აღნიშვნები ან აღნიშვნის გარეშე ბიულეტინი ჩაითვლება ბათილად.
14. თუ კენჭისყრის პირველ ტურში კანდიდატებმა ვერ მიიღეს ასარჩევად აუცილებელი ხმათა რაოდენობა, მაგრამ მოაგროვეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არა ნაკლებ ნახევრისა ან ერთ ადგილზე ორმა და მეტმა კანდიდატმა მიიღო ხმების თანაბარი რაოდენობა, ასეთ შემთხევაშ ინიშნება განმეორებითი ტური.
15. ხმების დათვლას აწარმოებს ხმის დამთვლელი კომისია. ხმის დამთვლელი კომისიის წევრები აირჩევიან ნამდვილ წევრთაგან ღია კენჭისყრით.
16.ხმის დამთველი კომისიის ოქმს ამტკიცებს აკადემიის საერთო კრება. საერთო კრებისა და ხმის დამთვლელი კომისიის ოქმები ფარული კენჭისყრის ბიულეტინებთან ერთად ინახება პრეზდიუმში.
17.არჩევნების შედეგები ქვეყნდება პრესაში.
18.აკადემიის საპატიო და საზღვარგარეთელი წევრობის კანდიდატურა წარმოდგენილი უნდა იყოს აკადემიის ნამდვილი წევრის მიერ; საპატიო და საზღვარგარეთელი წევრის არჩევნები ტარდება აკადემიის საერთო კრებაზე. ქვორუმი და კენჭისყრის წესი ისეთივე რჩება, როგორც ნამდვილი წევრის არჩევისას.
19. მეცნიერები, რომლებიც არჩეული არიან წინამდებარე დებულებით, სარგებლობენ აკადემიის წევრებისათვის დადგენილი უფლებებით დღიდან მათი არჩევისა აკადემიის საერთო კრების მიერ და ღებულობენ დადგენილი ნიმუშის მოწმობას.
20. აკადემიის პრეზიდენტის, ვიცე–პრეზიდენტის და განყოფილებების ხელმძღვანელების არჩევა ხდება 5 წელიწადში ერთხელ საერთო კრების მიერ. მათი კანდიდატურის წარდგენა შეუძლია თითოეულ აკადემიკოსს ან აკადემიკოსთა ჯგუფს. ალტერნატიული წინადადებების შემთხვევაში კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ითვლება ის ვინც მოაგროვებს ხმების რაოდენობის უმრავლესობას მაგრამ არანაკლებ დამსწრეთა ხმების ნახევრისა. თუ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა პირველ ტურში, მაშინ კენჭისყრა ტარდება მომდევნო ტურში.ამ შემთხვევაში კენჭისყრაში მონაწილეობს მხოლოდ ის ორი კანდიდატი რომელთაც შეაგროვეს ხმების უმეტესი რაოდენობა.